ამ ზაფხულს ღმერთმა უხვად აკურთხა სამგორისა და თბილისის ცენტრალური კორპუსების ახალგაზრდობა! ჩვენ გვქონდა ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც
რამდენიმე წლის მანძილზე არ ჩატარებულა და აი დადგა ეს ნანატრი დღე, როცა ჩვენ ერთად შევიკრიბეთ ბანაკის ჩასატარებლად. ეს იყო ოთხი დაუვიწყარი დღე, რომელიც ჩვენ ერთად გავატარეთ ურთიერთობასა და შეხვედრებში, რომელთაც უდიდესი სიხარული მოჰქონდა ჩვენთვის. ბანაკის მსვლელობისას ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება ყოფილიყვნენ ერთად ახალ ატმოსფეროში,
განეცადათ ახალი შეგრძნებები და ემოციები. დილაობით ტარდებოდა ლოცვის შეხვედრები, რომლის დროსაც ჩვენ შეგვეძლო ღმერთთან ურთიერთობა და ავსებულიყავით მისგან ენერგიითა და სითბოთი. ბანაკის ბოლო დღეს გავაჩაღეთ დიდი კოცონი, სადაც იყო კურთხეული თაყვანისცემა.
ვერავინ დარჩა გულგრილი იმ სურათის მიმართ, როცა ხარ ბუნებაში, გარშემო არიან ახალგაზრდები, რომლებიც იესოს ადიდებენ.
ეს იყო განსაკუთრებული დრო და მე მჯერა, რომ ეს ბანაკი გამოიღებს კეთილ ნაყოფს, უფრო მეტი ახალგაზრდა შეიცნობს ჩვენს მხსნელს, როცა მე მეკითხებიან: „როგორი მომავალი აქვს თქვენს ეკლესიას?“ მე ყოველთვის ვპასუხობ: „ ჩვენი ეკლესიის მომავალი -ახალგაზრდობაა, რომელიც უფალს ადიდებს და მისთვის ცხოვრობს“
მე მწამს, რომ უახლოეს დროში ჩვენ ვიქნებით არა 30 კაცი, არამედ გაცილებით მეტი და ჩვენ ყველანი ერთად განვადიდებთ მას, ვინც თავი გასწირა ჩვენთვის - უფალ იესო ქრისტეს!
კაპიტანი ნინო კვერნაძე
სამგორის კორპუსის ოფიცერი